„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით - „ვაჟა გაფრინდაშვილი, საოკუპაციო რჟიმის მხრიდან, უკანონო პატიმრობაში რჩება და რა თქმა უნდა, ოჯახი რთულ მდგომარეობაშია. თითოეული ჩვენგანისათვის ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული საკითხია. ოჯახის დაძაბულობა გასაგებია. არა მარტო გვესმის, არამედ მათთან ვართ ამ განსაცდელში, მათ შორის რეგულარული კომუნიკაციით ჩემი აპარატისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდა.
“რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციას, რასაც იღებდა და იღებს ქართული მხარე და ასევე ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა არხებით, ვუზიარებთ ოჯახს და გარკვეულწილად, საზოგადოებას, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი: პირველი - ინფორმაციის გაზიარებას ვერ დავარქმევთ პირობას და მით უფრო გარანტიას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ საქმე გავქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის მოქმედებებთან და საუბედუროდ მის გადაწყვეტილებებთან.
„მეორე - ამ პერიოდში, დიახ, იყო მკაფიო მინიშნებები და ინფორმაცია სწორედ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ვაჟა ექიმის მალე გათავისუფლების თაობაზე, რასაც ასევე საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი დღემდე არ ასრულებს. ეს არის მათი სახე და მათი პასუხისმგებლობა, რაც ამ მოქმედების მიზანმიმართულებაზე მიანიშნებს”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა ის არის, რომ არსებულ ვითარებაში ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას, რათა ფაქტობრივად მძევლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გათავსუფლება მოხერხდეს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე კომუნიკაციით დასრულებული. მათ შორის, მრავალმხრივ ფორმატებში.
„ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ყველა პოლიტიკური დედაქალაქის დღის წესრიგშია და ამოცანა მისი გათავისუფლებაა. ამასთან, ჩვენი თითოეული მოქმედება, პირველ რიგში, მოტივირებულია ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან და მისი გათავისუფლების ამოცანიდან გამომდინარე და არა პიარის, ჩვენი მოქმედებების ტირაჟირების, ან თუნდაც ყველა ნაბიჯის წარმოჩენიდან. ასეთია მოცემულობა.
„ამ საკითხით პოლიტიკური სპეკულაციები და ქულების დაწერის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან, მიუღებელია. უბრალოდ აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე გადმოტანის მცდელობა. მითუფრო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სოხუმის და ცხინვალის ციხეებში არაერთი გრძელვადიანი ქართველი იყო უკანონო პატიმრობაში. ჰუმანიტარული პროცესის შედეგად, პროცესი 2017 წელს დასრულდა იმავე ცხინვალის იზოლატორიდან ბოლო გრძელვადიანი პატიმრის გათავისუფლებით.
„გავაგრძელებთ ძალისხმევას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ჟენევის ფორმატში მიმდინარე კვირას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნას მიღწეულ მი და ის ოჯახს დაუბრუნდეს” - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.