ქეთევან ციხელაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

10 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰელენ სანდ ანდერსენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საუბრის მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა იყო, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება. ხაზი გაესვა მისი უპირობოდ გათავისუფლების აუცილებლობას.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმართან ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ახალგორის რაიონისა და მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მესამე თვეა იზოლაციაში ამყოფებს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში კრიზისია შექმნილი და მოსახლეობას მნიშვნელოვანი  ჰუმანიტარული პრობლემები აქვს. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობას აღნიშნული საკითხების დროულად მოგვარების საქმეში.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა. ელჩს ინიციატივის არსი და მისი განხორციელების პროცესი გააცნო.

ჰელენ სანდ ანდერსენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაისახა სამომავლო გეგმები.