შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან „სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისათვის“ თანამშრომლობით შედგა, სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ სიტუაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საუბედუროდ, საქართველოში ადამიანის უფლებებს ოკუპაციით განსაზღვრული გეოგრაფია აქვს და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია, დიდად არ ფასობს ადამიანის უფლებები, ღირსება და ზოგჯერ სიცოცხლეც კი.
„დღეს, როცა ჩვენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ვსაუბრობთ, უკვე ერთი თვეა რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაში იმყოფება იმ საბაბით, რომ მან არარსებული „საზღვარი“ გადაკვეთა. ამით ირღვევა მისი, როგორც ადამიანის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლება და ასევე, როგორც ექიმის უფლება, რადგან ექიმებს საზღვრები, მითუფრო საკუთარ ქვეყანაში, არ აქვთ.
„დღეს, როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, კასპის რაიონიდან კიდევ სამი ადგილობრივი უკანონოდაა დაკავებული. საუბედუროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მყისიერად ჩაერთო ცხელი ხაზი, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში ხდება. მოთხოვნა ერთი გახლავთ - უკანონო პატიმრობიდან ამ პირების გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს.
„დღეს, როდესაც ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ათასობით ჩვენი თანამოქალაქის უფლება ირღვევა განსაკუთრებით ახალგორში, რომელიც გადაადგილების შესაძლებლობის არქონის პირობებში სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისშია. ასევე გალში, აფხაზეთის მიმართულებით. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. არა მხოლოდ ისინი, ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა მთელი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები - ბატონი ვაჟა და სამი დაკავებული გათავისუფლდნენ. ასევე, აღდგეს მიმოსვლის შესაძლებლობა ცხინვალის მიმართულებით, რადგან მთელი რეგიონი, ფაქტობრივად, სატუსაღოდ იქცა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში „რეპეტიცია“ ჰქონდათ, როცა რეგიონი ორი თვით დაკეტეს და მაშინაც მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიეს. დღეს ეს საკითხებია მთავარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც. ქართული მხარის მიერ ყველაზე მკვეთრი და მკაფიო მოთხოვნები, სხვა საკითხებთან ერთად, ეს იქნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა სახელმწიფოს მიერ თანასწორობის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა იყო. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს დაგეგმილი სიახლის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია - სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „სექტორი 3“-ის ერთობლივი ინიციატივით იქმნება „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“, სადაც გასაუბრების შედეგად შერჩეული აპლიკანტებს, ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები სამოქალაქო ინტეგრაციის, ტოლერანტობის, კულტურათაშორის დიალოგის, ევროინტეგრაციის და სხვა მნიშვნელობანი თემატიკის შესახებ.
სკოლის მონაწილეები შეხვდებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ გამოჩენილ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის განვითარების საქმეში, ისაუბრებენ ისეთ თემებზე როგორიცაა - ტოლერანტობა ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ფოტოგრაფიაში. ასევე, რა როლს თამაშობს სპორტი ინტეგრაციის პროცესში. ექნებათ გასვლითი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ადგილზე გაეცნობიან ამა თუ იმ ეთნოსისთვის დამახასიათებელ კულტურას, სამზარეულოს, ადათ-წესებს. სკოლის წარმატებით დასრულების შეთხვევაში მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.