2019 წლის 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო. ქართულმა მხარემ, ასევე ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის ტყვეობიდან უპირობო გათავისუფლება.
საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვისა და მოძრაობის შეზღუდვის საკითხი, რაც უკვე სამი თვეა გერძელდება. აღინიშნა ახალგორის რაიონსა და ზოგადად, ცხნვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია და გაზი გაესვა ე.წ. პუნქტის დაუყოვნებლივი გახსნის აუცილებლობას.
განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა.
დისკუსიების დროს განხილულ იქნა ბოლო დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით გართულებული ვითარება. ქართული მხარის მიერ დაყენებულ იქნა გამყოფი ხაზების სიახლოვეს ადამიანების გატაცების შემთხვევები და საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
მოლაპარაკებების მიმდიმარეობისას საუბარი გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) უპირობოდ აღდგენის აუცილებლობასაც შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა მისი გაგრძელების მნიშვნელობა.
საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განხილულ იქნა, ასევე, აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი.
მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2020 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.