შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ესეების კონკურში „მე ვარ ტოლერანტი - მრავალფეროვანი სამყაროს თავისუფალი ადამიანი“ მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა.
კონკურსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე სტუდენტებისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 ნოემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიაუნის, ტექნიკური, სამედიცინო, აფხაზეთის, ბათუმის, გორის, თელავის, ქუთაისის უნივერსიტეტებისა და საქართველოს თავდაცვის აკადემიის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები.
ამ დროის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და მონაწილეობა მიეღოთ საჯარო ლექციებსა და დისკუსიებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების თემაზე. მათ ესეს სტრუქტურისა და წერის ხელოვნების შესახებ ტრენინგიც ჩაუტარდათ.
სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ესეების კონკურსში 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. თითოეულ მონაწილეს კი სიგელები გადაეცა.
ღონისძიება თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის მიერ, გაეროს ასოციაციის PITA-სთან თანამშრომლობით, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება“ ფარგლებში გაიმართა.