წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ

26 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა.

სტიპენდია განკუთვნილია სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. იგი სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  გასულ წელს დაარსდა და წელს დაჯილდოების უკვე მეორე ღონისძიება გაიმართა.

წლევანდელი გამარჯვებულები შავი ზღვის  საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გვაგვალია  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთი ილურიძე გახდნენ. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან. სტუდენტები სტიპენდიის სახით 300 ლარს, ყოველთვიურად მიიღებენ.

„წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უპრეცედენტო რაოდენობის აბიტურიენტები გვყავდა. ასევე, უპრეცედენტო რაოდენობის პირველკურსელები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ. მათგან გამორჩეული იყო 92 ახალგაზრდა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად განათლებისა და მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეებისა, მათ არ დაიშურეს ძალისხმევა, შეძლეს კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულებისათვის კონკურენცია გაეწიათ და ასეთი მაღალი შედეგი მიეღოთ“ , -განაცხადა ლია გიგაურმა.

გასულ წელს სტიპენდიები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს გიორგი ციკოლიასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს რობიზონ ილურიძეს გადაეცათ. ისინი სტიპენდიას წელსაც იღებენ.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, სამხერთ ოსეთის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორები და სტუდენტები.

დიმიტრი გულია აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი და სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. კოსტა ხეთაგუროვი კი  საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი, პოეტი, განმანათლებელი და  მხატვარი.