„ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია!“

28 დეკემბერი 2019

„ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ერთი შედეგისათვის, ერთი მოთხოვნით, რაც უკანონო პატიმრობიდან მის უპირობო გათავისუფლებას უკავშირდებოდა”, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მან პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ექიმის გათავისუფლება გაწეული ძალისხმევის შედეგია.

„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამ პროცესში ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, ასევე საზოგადოება. ბატონი ვაჟა ვანახე, ის თავს ნორმალურად გრძნობს, კარგად არის. დამატებით მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

„ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული გახლდათ იმაში, რომ ვაჟა გაფრინდაშვილია გათავისუფლება მიღწეულიყო. ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა ძალიან კოორდინირებულად მუშაობდა ერთი შედეგისათვის, ერთი მოთხოვნით, რაც უკანონო პატიმრობიდან მის უპირობო გათავისუფლებას უკავშირდებოდა. ვფიქრობ, დღეს ეს მიღწეული შედეგი ყველასთვის მნიშვნელოვანია “, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.