შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ამ ორ ბრწინვალე დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიხარულს. ამ დღეს ყოველივე კარგი მოეტანოს თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსათვის. ვისურვებდი 2020 წელი გამორჩეულად წარმატებული და თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, ჩვენ საერთო სამშობლოში იყოს თანასწორი, რეალიზებული და ქვეყნის ცხოვრებაში ჩართული. ესაა ის მთავარი პრინციპი, ტრადიცია, რაც ყველასთვის საამაყოა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.