ქეთევან ციხელაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15 იანვარი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული აქცენტი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ბოლო პერიოდში სოხუმში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთდა.  

ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის შესახებ და სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა ჰუბერტ კნირშს გერმანიის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.