ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარება და ადგილობრივების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან გამართა.
ხაზი გაესვა ზოგადად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს, საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური საკითხები.
ტოივო კლაართან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ჟენევის დისკუსიები და მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები იყო.
მხარეებმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების დიდ მნიშვნელობას.
აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.