დონორების ყოველწლიურ ფორუმში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო. ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობასა და დონორთა დახმარებაზე გაამახვილა.
ხაზი გაესვა პროექტის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას, რასაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
აღინიშნა, რომ პროექტის მიმართ ინტერესი მაღალია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან და აუციელებელია ამ ინტერესის შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, სადაც პარტნიორების დახმარება მნიშვნელოვანია. მთავარი პრიორიტეტი სწორედ ხელოვნური გამყოფი ხაზების გასწვრივ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და ხალხთაშორისი კონტაქტების, თანამშრომლობის წახალისებაა.
რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხს, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს მოსახლეობის 13 % სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. მოსახლეობის ეს ნაწილი, მისი შესაძლებლობები და უნარები თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს მთავარ რესურსს ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს და თითოეული მოქალაქის ჩართულობა და უნარების მაქსიმალური რეალიზება ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში პროგრესის წინაპირობაა.
სადისკუსიო პანელის ფორმატში აღინიშნა, რომ 2020 წელი იქნება საეტაპო, რადგან მოხდება დღემდე არსებული პოლიტიკის შეფასება, შედეგებისა და გამოწვევების შეჯამება და ამის საფუძველზე, გაიწერება ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო მინისტრმა დონორებს პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდა.
ქეთევან ციხელაშვილმა პარტნიორი ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფლიქტით დაზარალებული, განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის დახმარება სთხოვა. ყველაზე კრიტიკულად დღეს ახალგორში ფაქტობრივ იზოლაციაში მცხოვრები პირების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შეფასდა. ქეთევან ციხელაშვილმა დონორებს გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების პროგრამებში თანადგომა სთხოვა, რადგან ამ ადამიანებს აქვთ ყოველდღიური და განსაკუთრებული გამოწვევა მავთულხლართების პირისპირ.
დასკვნისას, მინისტრმა პარტნიორებს მიმდინარე მხარდაჭერისა და კონკრეტული პროგრამებისათვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორების მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერით, საქართველოს მთავარ გამოწვევასთან, რუსულ ოკუპაციასა და გადაუჭრელ კონფლიქტთან მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით გამკლავების იმედი გამოთქვა.