სახელმწიფო მინისტრი სომხეთის უმაღლეს კომისარს დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანს შეხვდა

3 თებერვალი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სომხეთის უმაღლეს კომისარს დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა იმ პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელიც ამ პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითი ტენდენციები და პროგრესი გვაქვს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ სხვადასხვა სფეროში ჩართულობის კუთხით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ დღეს ჩვენ უკვე გვყავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც არამხოლოდ კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას, არამედ სხვადასხვა სფეროებში აქვთ მაღალი კომპეტენცია და მიღწევები.

ზარე სინანიანმა აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ძალიან მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.