შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ქოჩორაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მაქსიმ ლონგანგს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, სოციალურ-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მძიმე გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს.
საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მიმოიხილეს ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი იმპლემენტაციის პროცესზე.