ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა

5 თებერვალი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმართან ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით არა მხოლოდ ახალგორის არამედ მთლიანად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას იზოლაციაში ამყოფებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობას აღნიშნული საკითხების დროულად მოგვარების საქმეში.

სახელმწიფო მინისტრმა ენრიკო ვალვოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი განხორციელების პროცესი გააცნო.