„ჩვენ გვაქვს ერთი და ყველაზე მთავარი პრობლემა, ეს არის განგრძობითი ოკუპაცია და მიმდინარე კონფლიქტი, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა“ - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეუთოს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით ახალგაზრდულ ფორუმზე - „ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ სიტყვით გამოვიდა. შეხვედრას ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ესწრებოდნენ. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. გადამსვლელი პუნქტის კვლავ ჩაკეტვასა და რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
„ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი. ჩვენ არც საერთაშორისო თუ სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით იმისათვის, რომ ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა, არამხოლოდ ქართველების, რომელთაც რათქმაუნდა ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში.
80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა, განსაკუთრებით სწორედ ახალგაზრდებს ეხებათ ეს.
საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, პიონერთა ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა – ეს არის ტრაგიკული, რადგან ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები, ბავშვები სკოლაში და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო, ფაქტობრივად მიქაჩვის მცდელობა ნაცვლად იმისა, რომ მომავლისკენ ჰქონდეთ რაიმე პერსპექტივა. ჩვენი პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც სთავაზობს ამ პერსპექტივას და სწორედ ამიტომ ჰქვია იმ ინიციატივას, რომელიც ახლა წარმოვადგინეთ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ეს არ არის ტრაფარეტული სათაური, ეს არის შინაარსი. ეს არის ჩვენი მოსახლეობა და მათზე ზრუნვა არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ რათქმაუნდა გვაქვს ერთიანი მომავალი შერიგების გზით და იმ მავთულხლართების დამარცხების გზით, რომელიც დღეს ასე უმოწყალოდ ჰყოფს საქართველოს ტერიტორიას “,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.