სამოქალაქო თანასწორობის ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ამოცანას ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე სწავლება წარმოადგენს - ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების და მეტი ეფექტიანობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა შედგა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთევან ჯაყელს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განხორციელებული პროექტები განიხილეს. ხელშესახები შედეგებია მიღწეული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელებაში. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი პროგრამა, პროექტი და ღონისძიება, რაც მიმართული იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ქართული ენის კომპეტენციის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესების აუცილებლობას. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ახორციელებს 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში. სკოლის ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომ 2018-2019 წლებში პროგრამით ისარგებლა უპრეცედენტო რაოდენობამ - 6000-მდე წარმომადგენელმა. სამუშაო შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზებიც, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ახალი დოკუმენტის, ასევე ახალი პროგრამების შემუშავებისათვის.