ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს იეზიდ მოსახლეობას კლოჩე სარე სალეს დღესასწაულს ულოცავს

17 მარტი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს იეზიდ მოსახლეობას კლოჩე სარე სალეს დღესასწაულს ულოცავს.

„მინდა ჩვენს იეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად მივულოცო გაზაფხულის დღესასწაული - კლოჩე სარე სალე და თითოეული მათგანის ოჯახს ბედნიერება და კეთილდღეობა ვუსურვო. დღეს იმ რთული ვითარების ფონზე, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქმნის მსოფლიოში, თითოეულს ჯანმრთელობას გისურვებთ და მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივით ძალისხმევით და სოლიდარობით აუცილებლად დავძლევთ. დაე, ამ დღეს მშვიდობა, სიკეთე და სიხარული მოეტანოს ყველასთვის, ჩვენი სამშობლოსათვის.“

„კლოჩე“ ნამცხვარს ნიშნავს, ხოლო „სარე სალე“ – წლის დასაწყისს. ამ დღესათან დაკავშირებით, ეზიდთა ოჯახებში კლოჩს, ანუ საახალწლო ნამცხვარს აცხობენ, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული, დილით კი ნამცხვარი შვიდი წმინდანის და ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. თუკი ნამცხვრის დაჭრის შემდეგ მძივის ბურთულა წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, ეზიდებს სჯერათ, რომ ეს წმინდანი მთელი წელი მათი მფარველი იქნება, ხოლო თუ ბურთულა ოჯახის წევრის ნაჭერში იყო, ის მთელი წლის მანძილზე ოჯახის მეკვლედ ითვლება.