ლია გიგაურმა სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულენოვანი მასალები გადასცა

26 მარტი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ჩავიდა და კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულენოვანი მასალები, რეგიონის რწმუნებულს ირაკლი ქადაგიშვილს და თელავის მუნიციპალიტეტის მერს შოთა ნარეკლიშვილს გასავრცელებლად გადასცა.
 
ლია გიგაურის თქმით, ახალი მასალების ბეჭდვის და გავრცელების პროცესი აქტიურ და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსახლეობის ინფორმირების საკითხში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ჩვენ ყოველდღიურად, ყველა შესაძლო არხით ვავრცელებთ ინფორმაციას, იქნება ეს ელექტრონული საშუალებები თუ ნაბეჭდი მასალის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულ რეგიონს ვაწვდით, მოვიცავით მთელი საქართველო, თუმცა ეს პროცესი არ შეჩერებულა და გაგრძელდება რა თქმა უნდა.
 
"ჩვენ ყოველ ახალ ინფორმაციას მივაწვდით იმ მოსახლეობას, რომელსაც ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები. დღეს ჩვენ სოფელ ყარაჯალაში ჩამოვიტანეთ 5000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ფლაერი და პოსტერი, რომელიც მივა თითოეულ ოჯახში. თითოეული სოფლისათვის ძალიან დიდი რაოდენობით იბეჭდება ეს საინფორმაციო მასალები, რათა გაითვალისწინონ ჩვენმა მოქალაქეებმა ის მოთხოვნები, რეომენდაციები და ის წესები, რომლიც უნდა დაიცვან სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ გვინდა, რომ გავუმკლავდეთ იმ დიდ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაშია.“ - განაცხადა ლია გიგაურმა.