კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო მასალა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში შოთა რეხვიაშვილს გადასცა. 100 000 ფლაერი და პოსტერი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარნეულსა და ბოლნისში დარიგდება.
წესებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს არა მხოლოდ ქვემო ქართლის, არამედ კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში. ორივე ენაზე საინფორმაციო მასალები უკვე დარიგდა ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკას, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
ამ ეტაპისთვის, სულ დაბეჭდილი და დარიგებულია 250 000-მდე ფლაერი და პოსტერი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საინფორმაციო მასალები საქართველოს გაეროს ასოციაციის და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიბეჭდა.