დღეს, ქალაქ ახალციხეში არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქართულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დარიგდა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თინა ღოღელიანის განმარტებით,100 000 ფლაერი ეთნიკური უმცირესობებისთვის სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდება.
საინფორმაციო მასალის დარიგებაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.
კორონავირუსთან დაკავშირებული. ინფორმაციის, შეზღუდვების, წესებისა და რეკომენდაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალის გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით აქტიურად გრძელდება. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 320 000 ნაბეჭდი მასალა (ფლაერი, პოსტერი) უკვე დარიგდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში: ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
საინფორმაციო მასალები საქართველოში გაეროს ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიბეჭდა.