შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად დღეს 50 ამანათი სოფელ გაჩიანში ბოშათა ოჯახებს გადასცა. ლია გიგაურმა ბოშათა თემის წარმომადგენელის ელენე პროშკიანის ჩართულობით ადგილობრივებს მათთვის მშობლიურ ენაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები გააცნო.
პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება თბილისის, ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. აღნიშნული კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით გადაეცემა.
საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები დღეს დამატებით გადაეცათ ასევე აზერბაიჯანთან საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისში და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.
ლია გიგაურის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც ამანათები, ასევე ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაფანტულ ყველა თემს მიეწოდება.
"კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაიცავს რეკომენდაციების ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილების. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ სოფელ გაჩიანში ბოშათა თემს ვაცნობთ იმ შეზღუდვებს და წესებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო და საკარანტინო რეჟიმში. იმისთვის რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში, იმის გამო, რომ არ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი, მოვამზადეთ ორი ტიპის სასაჩუქრე პაკეტი, ჰიგიენური საშუალებების და საკვები პროდუქტების კალათები, რომელიც არის საკმაოდ მოცულობითი“-განაცხადა ლია გიგაურმა.