„თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ენის დღეს. 1978 წლის 14 აპრილი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ დავიცავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ენა აძლიერებს სახელმწიფოს და დღეს ჩვენი ვალია დავიცვათ ქართული ენა, განვავითაროთ, შევქმნათ შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, რათა იგი სრულფასოვნად შეისწავლონ. სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზღუდება ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შეეძლოთ განათლების მიღება მშობლიურ ენაზე.
მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა და განვითარება. დღეს ბევრმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა უკვე იცის სახელმწიფო ენა, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა არის მათი წარმატების, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.“
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.