ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს მეორე დისტანციური სხდომა გაიმართა.
საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა. დისტანციური შეხვედრა მედიისა და განათლების საკითხებზე შედგა. ვიდეო კონფერენციაზე კორონავირუსთან ბრძოლისთვის ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და გამოწვევებთან დაკავშირებით აპარატის მიმდინარე საქმიანობის შესახებ იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა სახელმწიფო მინისტრს მიმდინარე პროცესებზე რეგიონების მიხედვით საკუთარი ხედვები და ინიციატივები გაუზიარეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს დარგობრივ უწყებებთან განიხილავს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებს თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდეს უკვე გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ხაზი გაესვა სახელმწიფოს მხრიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება როგორც ქართულად, ისე სომხურად და აზერბაიჯანულად ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათ შორის StopCoV.ge - ს მეშვეობით, რომელზეც კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მოცემულია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული ტელევიზიების მნიშვნელოვან როლზე, ასევე ტელესკოლის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მოკლე ვადაში მოხერხდა ამ ტელესკოლის ამოქმედება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის. განიხილეს შექმნილ ვითარებაში ელექტრონულად საგანმანათლებლო პროცესის გამოწვევებიც, რომლებიც შეექმნათ ცალკეულ ოჯახებს, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. სწორედ ამიტომ იქნა შემოღებული ტელეგაკვეთილები, რომელიც13 აპრილიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაემატა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებისა და გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო საბჭო ერთი წლის წინ შეიქმნა. საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული აქტივობების შემუშავების, არსებული გამოწვევების დასაძლევი საპასუხო ნაბიჯების განხილვისა და მოსახლეობის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო მინისტრთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.