შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

24 აპრილი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.
 
“მინდა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ქვემო ქართლში, კახეთში, აჭარასა თუ დედაქალაქში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გულითადად მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვის დაწყება. დაე, ეს თვე თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს სიკეთის, მხნეობისა და სიძლიერის მომტანი, რაც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო ცდილობს COVID-19-ის ურთულეს გამოწვევას გაუმკლავდეს. ახლა მხოლოდ ერთობით, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ძალისხმევით და ურთიერთთანადგომით, ახალი რეალობის და საფრთხეების სწორად შეფასებით და შესაბამისი მოქმედებებით თითოეული მოქალაქის მხრიდან, შევძლებთ ეს რთული გამოწვევა წარმატებით გადავლახოთ.
 
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც უმთავრესია და ამასთან შევამსუბუქოთ ის სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რაც არსებულ ვითარებაში გარდაუვლად იქმნება მთელს მსოფლიოში და გამონაკლისი არც საქართველოა. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე და წარმატებით დავაბრუნოთ შეუქცევადი განვითარების გზაზე. ამაში კი, ყველა ჩვენი მოქალაქის, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჩართულობისა და თანამშრომლობის, მოთმინებისა და სიბრძნის დიდი იმედი გვაქვს.
სწორედ ამიტომ, მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა გამოიჩინეს და რელიგიური და სახალხო დღესასწაულები კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსხვავებულად, სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული რეგულაციებთან თანხვედრაში აღნიშნეს.
 
კიდევ ერთხელ, თითოეულ მუსლიმ თანამოქალაქეს, ოჯახს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, სიკეთე და კეთილდღეობა, და რაც მთავარია, ამ დიდ გამოწვევასთან მალე გამკლავება” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
 
მუსლიმები ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წმინდა რამაზანის მარხვა ერთ თვეს გაგრძელდება და იგი სამდღიანი ბაირამით დასრულდება.