“დღეს გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ჯგუფთან. ისინი არიან ჩართულნი არაერთ პროექტში, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად. ძალიან საინტერესო იყო ის შეკითხვები, რომლებიც ახალგაზრდებს ჰქონდათ ჩვენი საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულების თაობაზე. ერთი - რა კეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად და ასევე დანარჩენ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებულნი, ჩართულნი და რა თქმა უნდა თანაბრად ყველა ჩვენი მოქალაქისა ჰქონდეთ ინფორმაცია ცოცხალ რეჟიმში ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცემა სახელწმიფოს მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. კერძოდ, ვისაუბრეთ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებულ სიტუაციაზე და ასევე იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც მოსახლეობას ძირითადად ექმნება არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, არამედ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და აღინიშნა ისიც, რომ მართლაც სახელმწიფომ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა იმიტომ, რომ აი ასე ცოცხალ რეჟიმში სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, უზრუნველყო, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონოდა და ჰქონდეს მიმდინარე პროცესში შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა ინტერესი იყო, ასევე აფხაზეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონი საუბედუროდ იქ არსებული რეჟიმის გამო რჩება ჩაკეტილი და საკმაოდ არაკონსტრუქციული. აფხაზეთის მიმართულებით იმ დახმარებებზე ვისაუბრეთ, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა სხვადასხვა არხით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით და ასევე მზაობაზე, რომელიც უკვე გამოხატულია იმაში, რომ რუხის კლინიკა არის ფუნქციონირებადი, აღჭურვილი და გამზადებული იმისთვის, რომ 70-ზე მეტი პაციენტი მიიღოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონიდან ასეთი პაციენტების მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში. დღეისთვის 100-ზე მეტი პირია რეგიონიდან, რომელიც საკარანტინო ზონაშია და ის პაციენტი, რომელსაც დაუდგინდა COVID-19 განკურნებულია და ეს კარგი ამბავია. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რადგან ჩვენთვის ჩვენი მოსახლეობის ბედი სულერთი არაა, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. მიუხედავად შეზღუდულობისა და ჩაკეტილობისა, რასაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი განსაკუთრებით ცხინვალის მეშვეობით, ჩვენ შესაძლო ყველა ინსტრუმენტით, ცხელი ხაზით, თუ იმ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხაზით, რომელსაც იქ აქვს წვდომა, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ვგულისხმობ, ვცდილობთ, რომ ადგილზე მოსახლეობას დავეხმაროთ, ამაში იგულისხმება კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსა და პირებზე, ასევე რა თქმა უნდა, ყველა იმ რესურსით მონაწილეობა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, თუ ჩვენს დონორ ორგანიზაციებს“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.