ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა

13 მაისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილეს, ხაზი გაესვა რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელთან გამკლავებაც, მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესთან დაკავშირებით. ისაუბრეს ადმიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორისა და გალის რაიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით შევიწროებას.
 
სახელმწიფო მინისტრმა პანდემიის პირობებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც. ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.