15 მაისი 2020

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელების თანამშრომლებს და საქართველოს 6 რეგიონიდან სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დისტანციურად შეხვდა.

ვიდეო კონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კორონავირუსის დაძლევა/პრევენციის მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და მიმდინარე ღონისძიებებსა თუ საინფორმაციო კამპანიებზე.

„გვქონდა საინტერესო ვიდეო-შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან, მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ყველა რეგიონიდან ფაქტობრივად, ვისაუბრეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე COVID-19-თან გამკლავების პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. შედგა ძალიან პროდუქტიული გაცვლა-გამოცვლა აზრების და კითხვა-პასუხის რეჟიმი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები, ინფორმირება მოსახლეობის, განსაკუთრებით იმ აქტივისტების, რომლებიც თავად არიან ჩართულნი რეგიონებში უკვე და არიან ინფორმაციის გამავრცელებლები, აზრის ჩამომყალიბებლები. თავისთავად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რა თქმა უნდა, ძალიან უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.