ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვდრა გამართა

21 მაისი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვდრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები იყო.

ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების სიახლოვეს. მხარეებმა განიხილეს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში COVID-19-ის ფონზე მოსახლეობის დახმარების სამომავლო შესაძლებლობები.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ასევე რუსეთის უკანონო ქმედებებსა და პროპაგანდაზე, რომელიც მათ შორის მიმართულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წინააღმდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული მშვიდობის ფონდის საქმიანობის თაობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გასვა ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტის განხორციელება, რომელთა მიზანიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების დახმარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.