სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. დახმარების აქცია კომპანია Duty Free Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ქეთევან ციხელაშვილი და ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად ოჯახების საჭიროებასაც გაეცნენ. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საბოლოო ჯამში კამპანია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელს მოიცავს.
„დღეს სოფელ პერევში 71 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით ჰუმანიტარული დახმარება კერძო ბიზნესის მხარდაჭერით. აქ ყოფნით ასევე გვინდოდა მხარდაჭერა გამოგვეხატა იმ მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ყოველდღე მავთულხლართების და ოკუპაციის პირისპირ უწევს ცხოვრება. პერევი ერთ-ერთი ესეთი სოფელია იმ 100-ზე მეტ სოფელთაგან, რომელიც დღეს გაყოფილია საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბარიკადით, მავთულხლართით. მიხარია, რომ აქ არიან მრავალშვილიანი ოჯახებიც, აქ არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, არ ტოვებენ საკუთარ სოფელს. ეს დახმარება გაგრძელდება, მთელი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე გვაქვს ეს კამპანია, რომ გვერდით დავუდგეთ COVID-19-თან გამკლავების პერიოდში ამ ოჯახებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ COVID-19-ის შემდგომ ეტაპზეც, როდესაც ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკური გახსნის, სოფლის მეურნეობის პროგრამების განახლების მიმართულებით, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სწორედ ამ სოფლებმა, მათ ნამდვილად სჭირდებათ დამატებითი შემოსავლის წყაროები.
მეტრებში არის უკვე სოფელი, რომელშიც აღარ არის წვდომა იმის გამო, რომ სრულ იზოლაციაში არის მოქცეული ოკუპირებული ტერიტორია და ყველა ე.წ. გადასასვლელი არის დაკეტილი. ამ პერიოდში, განსაკუთრებით სწორედ სექტემბრიდან მოყოლებული, იზოლაციის პირობებში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, რომ ადამიანებს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მივაწვდინოთ დახმარება.განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საჭიროება სწორედ COVID-19-ის გამოჩენის შემდეგ. რეგიონში და არც ამ სოფლებში არ არის საკმარისი პროდუქტები, არ არის მედიკამენტები, საუბარი აღარ მაქვს უკვე პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უშუალოდ კოვიდთან გასამკლავებლად არის აუცილებელი. ჩვენ პარტნიორებთან ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ წვდომა მოვიპოვოთ. გვაქვს მზაობა დავეხმაროთ მოსახლეობას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ადგილზე. თუ აფხაზეთის მიმართულებით ამას სხვადასხვა არხით მაინც ვახერხებთ, ცხინვალის მიმართულებით ფაქტობრივად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ აქ საოკუპაციო რეჟიმს აქვს ყრუ კედელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს აზიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. იქ მოქმედებს ერთადერთი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჰუმანიტარული მანდატი. გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, იგივე პროდუქტების პაკეტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ცხადია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, რომ მოხერხდეს ამ მოსახლეობის მხარდაჭერა.
არც ერთი დღე შეგვიწყვეტია ჩვენ სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. პრობლემა ისაა, რომ ეთნიკურად ქართველებს, საუბედუროდ, ეთნიკური ნიშნით ძალიან ხშირად ექმნებათ პრობლემა გადმოკვეთის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პაციენტი ჩვენთვის, მიუხედავად ეთნიკურობისა, იქნება ის ოსი, ქართველი, თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოსახლე, რა თქმა უნდა, ყოველთვის იღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. COVID-19-ის პერიოდში თითქმის 100 პაციენტი არის ოკუპირებული ორივე რეგიონიდან, რომელიც გადის ან გადიოდა მკურნალობას კონტროლირებად ტერიტორიაზე“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.