ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

2 ივნისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მინისტრმა ოჯახებს 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
 
ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია. საერთო ჯამში სამეგრელოს რეგიონში სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების კალათები ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროექტი საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 
„ვაგრძელებთ კამპანიას გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. დღეს რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. იმ ბავშვებს, ისევე როგორც თითოეულ ბავშვს საქართველოში, გამყოფი ხაზის აქეთ თუ იქით მხარეს, ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მთავარი, რაც უნდა ვისურვოთ ჩვენი შვილებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და მშვიდობა, რომელიც აუცილებლად დადგება ამ სოფლებში, როდესაც მახინჯი დაბრკოლებები, მავთულხლართები და ღობეები, გაქრება მშვიდობიანად.
 
ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში ეხლა 3 მუნიციპალიტეტში, კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, 272 ოჯახს დავეხმარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს ბავშვთა ფონდს, ასევე საფრანგეთის საელჩოს, რომელიც დაგვეხმარა ამ დახმარების ორგანიზებაში. ეს არის ჰუმანიტარული პაკეტები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების, რომლებიც ამ ოჯახებს გარკვეული პერიოდით მოამარაგებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის გამოხატვა დღეს ჩვენი აქ ყოფნით, რასაც სახელმწიფო ახორციელებდა და აუცილებლად განახორციელებს მომავალშიც. იცით, რომ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს სწორედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებაზე და ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა