კელი დეგნანსა და ქეთევან ციხელაშვილს შორის, სახელმწიფო მინისტრის რანგში მუშაობის ბოლო დღეს, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა შედგა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრას USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფიერონი ესწრებოდნენ.
დიპლომატებმა ქეთევან ციხელაშვილის საქმიანობა შეაფასეს და იმ მიღწევების შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქვს. კელი დეგნანმა ქეთევან ციხელაშვილს გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ავსტიაში ელჩის რანგში ახალ თანამდებობაზე და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის რანგში წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა კელი დეგნანს თავის მხრივ მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს და კიდევ ერთხელ შეაჯამეს ის მიღწევები, რაც საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაში აქვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას და მექანიზმების ამოქმედებას, რომელიც პოსტ-კოვიდ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს სახელმწიფო პანდემიის მძიმე პირობებში.