შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დისტანციურ შეხვედრაზე შეაჯამეს როგორც უკვე მიღწეული და გადადგმული ნაბიჯები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინ გადადგმული ნაბიჯებისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. საუბარო შეეხო კორონავირუსის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების საკითხსაც. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი მოსახლეობის დახმარება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და სწორედ ახლა პოსტ-კოვიდ პერიოდში მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ქეთევან ციხელაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისა და ნაყოფიერი თანამშობლობისათვის მადლობა გადაუხადეს და ავსტიაში ელჩის რანგში ახალ თანამდებობაზე და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის რანგში წარმატებები უსურვეს.
„დღეს, ჩემს ბოლო სამუშაო დღეს მქონდა შეხვედრა საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არიან ჩართულნი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. დღეს ერთგვარი ანგარიში ჩავაბარე სამოქალაქო სექტორს განვლილი საქმიანობის თაობაზე. მოვისმინე მათი შეკითხვები და მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ არიან აქტიურნი, არიან ჩართულნი. ჩვენ ისეთ სფეროში ვსაქმიანობთ, რომ აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობა, სახალხო დიპლომატია, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებისთვის, ნდობის მშენებლობისთვის, დიალოგისთვის. ინიციატივა, რომელიც არის ამ წლების ყველაზე დიდი მონაპოვარი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ , რომელიც არის კანონით გამყარებული, არის ახლა ასევე სამოქალაქო საზოგადოების საკუთრების, რადგანაც ისინი არიან მთავარი აქტორები, ბიზნესთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად. დღეს მოვისმინე მათი მზაობა იმის თაობაზე, რომ მომავალში აუცილებლად განაგრძობენ ამ ინიციატივის სრული პოტენციალით გამოყენებას. ეს ნამდვილად წარმოადგენს საფუძველს და საძირკველს იმ ჩვენი მთავარი საქმისთვის, შერიგებისთვის და მშვიდობის მშენებლობისთვის, რაც არის ქვეყნის გაერთიანების წინაპირობა, ხალხის გაერთიანების გზით“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.