ლია გიგაური ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

26 ივნისი 2020
სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ის მიმართულებები განიხილეს, რომელიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ახალ დოკუმენტში იქნება ასახული. 5 წლიანი გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობის მიზნით სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლია გიგაური ახალქალაქის მერთან იური უნანიანთან და საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელთან ღასან ხალილთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ეწვია და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
 
პირველადი საჭიროების ნივთები ასევე გადაეცემათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. დახმარების აქცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.