ლია გიგაურმა და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს

29 ივნისი 2020
სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა და პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.
 
სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრისას განხილული იყო COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და ადამიანის უფლებების ახალი ეროვნული სტრატეგია. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა დაეთმო პანდემიისას ადამიანის უფლებების დასაცავად გატარებულ ღონისძიებებს და ყოველდღიურობაში არსებულ გამოწვევებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ პრიორიტეტებზე რაც მათი აზრით ადამიანის უფლებების ახალ სტრატეგიაში უნდა აისახოს.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზუგდიდის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის მთავრობის და სახალხო დამცვლელის წარმომადგენლები. აღინიშნა რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას არცერთი მოქალაქის განცხადება თუ მოთხოვნა რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.