თამარ ქოჩორაძემ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილთან ონლაინ ვიდეო შეხვედრა გამართა

26 ივნისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილთან ონლაინ ვიდეო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი და ამ მიმართულებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით შეიძლება გააფართოოს აპარატმა მუშაობა ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.
 
განსაკუთრებული ყურადღება, ახალი კორონოვირუსის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ვითარებაზე გამახვილდა, ასევე თუ რა საქმიანობას ახორციელებს აპარატი ამ მიმართულებით, რათა პრობლემები გადაიჭრას. ხაზი გაესვა ქალების ჩართულობის მნიშვნელობას სამშვიდობო პროცესში, ასევე დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროექტებსა და ინიციატივებში.
 
მხარეები კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და გარკვეულ სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.