შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თბილისის ოფისის ხელმძღვანელ გოტფრიდ ჰანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბრის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები. მხარეებმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განიხილეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპელ დიპლომატს ინიციატივის და მისი ინსტრუმენტების განხორციელების, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ამ მიმართულებით უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.
თამარ ქოჩორაძემ გოტფრიდ ჰანს მიულოცა თბილისის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობის დაწყება და წარმატებები უსურვა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.