შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდთან ონლაინ ვიდეო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციის მცენარეთა დაცვისა და მავნებლებთან ბრძოლის მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები და ინიციატივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციულ და დაცვით ღონისძიებებზე.
საუბრისას დეტალურად განიხილეს ამ მიმართულებით არსებული ვითარება, მიმდინარე აქტივობები და ჩართულობის საჭიროებები. საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის რეგიონში სხვა მავნებლებთან ბრძოლის საკითხს, რათა ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობას დროულად გაეწიოს დახმარება და მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს მოსავლის აღების პროცესს.
შეხვედრის ბოლოს თამარ ქოჩორაძემ მარსელა მაქსფილდს თანამშრომლობისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.