შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ და სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, თინა ღოღელიანმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
ევროკავშირმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კიდევ ერთხელ დაადასტურა და შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, რაც არსებითად ეთნიკურ ქართველებს ეხება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, თვითნებური დაკავებების, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების მიმართებით, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში.
ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში გადასასვლელი პუნქტების 2019 წლის სექტემბრიდან სრული დახურვის გამო, რამაც ახალგორის რაიონში კრიტიკული ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია.
ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’ იმპლემენტაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად და მისი განხორციელება დადებითად შეაფასა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროკავშირს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება და გამოწვევები, განსაკუთრებით მსოფლიო პანდემიის პირობებში. ქართულმა მხარემ ევროკავშირს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დახმარების მიზნით, არსებული რესურსებისა და საკომუნიკაციო არხების გამოყენებით განხორციელდა. საუბარი შეეხო სამშვიდობო ინიციატივის იმპლემენტაციასა და მისი განხორციელების მექანიზმებს, ასევე ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომლებსაც ეს ინიციატივა გულისხმობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის როლსა და მნიშვნელობას.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად განხორციელებულ საქმიანობას და აღნიშნავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესს, ასევე მოუწოდებს საქართველოს განაგრძობს ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, რიჩარდ ტიბელსი.
დიალოგი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას და წარმოადგენს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის პარალელურ ფორმატს.
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი პრეს-რელიზი მიიღეს.