2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა იწყება

8 ივლისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მუშაობა დაიწყო 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა, აქტიურად მიმდინარეობდა 2015-2020 სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიშის მომზადება, რომლის მიღწევებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ვიწყებთ ქვეყნის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას.
 
საქართველოს მთავრობა პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფართო მონაწილეობას- თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობას, რაც სოციალური თანაცხოვრებისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების წინაპირობად მიგვაჩნია.
 
ჩვენ ღია ვართ რეკომენდაციებსთვის. ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე წერილობით გაგვიზიაროს მოსაზრებები სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ:
 
1. შესაბამისი მოკლე დასაბუთება (მათ შორის რაოდენობრივი, ხარისხობრივი მაჩვენებლებიც) თუ რატომ უნდა იყოს გათვალისწინებული თქვენ მიერ წარმოდგენილი კონკრეტული პრიორიტეტი/მიმართულება, მიზანი თუ ამოცანა სამომავლო სტრატეგიაში;
 
2. ნებისმიერი კვლევა, ანგარიში, კონცეფცია, რომელიც თქვენ, თქვენს ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფს განგიხორციელებიათ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით;
 
ინფორმაცია ან დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მეილზე Info@smr.gov.ge
 
მადლობა თანამშრომლობისთვის!
 
გავერთიანდეთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისთვის!