2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება

17 ივლისი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს. სხდომას ესწრებიან როგორც სამთავრობო კომისიის წევრები, ასევე სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა, აქტიურად მიმდინარეობს 2015-2020 სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო შეფასება, რომლის მიღწევებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი სტრატეგიის პრიორიტეტების განსაზღვრა დაიწყო.

"ჩვენ შევაფასეთ მიმდინარე სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებების დასახული მიზნები და ამოცანები. გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი, თუნდაც ის რომ 1+4 პროგრამის ფარგლებში 6-ჯერ გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას, ამავდროულად გვაქვს დასაქმების მხარდამჭერი სტაჟირების პროგრამები, ჩვენ ვასწავლით მათ ქართულ ენას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი ადამიანი სწავლობს სახელმწიფო ენას. მაგრამ ამავდროულად არის ძალიან ბევრი გამოწვევა. სწორედ იმიტომ, რომ გამოწვევები რომელიც დარჩა სახელმწიფო ენის ფლობის, ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობის და მონაწილეობის თვალსაზრისით,- ეს კვლავ გამოწვევად რჩება და ჩვენ გვინდა, რომ ახალი სტრატეგიის ფარგლებში განვსაზღვროთ ისეთი პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, რომელიც ხელ შეუწყობს ამ პროცესების დინამიურობას. რაც მთავარია, როდესაც ვსაუბრობთ ინტეგრაციასა და სამოქალაქო თანასწორობაზე, ამის აღქმა უნდა ჰქონდეს როგორც ეთნიკური უმცირესობების, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს. ამიტომ სტრატეგია ორმხრივ პროცესებს გაითვალისწინებს და იქნება ისეთ შედეგებზე ორიენტირებული, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს"-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა. 

ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).