ლია გიგაური სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

29 ივლისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. სასტუმრო „ამბასადორში“ ღონისძიებაზე შეკრებილებს მინისტრმა სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმაზე, თუ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღება რამდენად მნიშვნელოვანია.
 
„ჩვენ მრავალეთნიკურ ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმწიფო საშეღავათო პოლიტიკას ახორციელებს. 10 წელია ამ პოლიტიკის ფარგლებში ათასობით სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება, მათ ისწავლეს სახელმწიფო ენა და ამავდროულად შეიძინეს პროფესია. ბევრი მათგანი უკვე დასაქმებულია. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ თემასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ შევაფასეთ 10 წლის საქმიანობა, პროექტის განვითარების დინამიკა, გამოწვევები და ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს. შევჯერდით იმაზე, რომ პროექტი უნდა იყოს მდგრადი, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. რაც მთავარია, იმ რეკომენდაციების და მიგნებების გათვალისწინებით, რომლებიც დღეს გამოიკვეთა, საჭიროა ახალი პოლიტიკის ფარგლებში განისაზღვროს განსხვავებული მიზნებიც, ის მიზნები, რომლებიც იყო საუკეთესო შედეგებზე ორიენტირებული, გახდეს უფრო ეფექტიანი განხორციელების პროცესში,“- განაცხადა ლია გიგაურმა.
 
კვლევა 2009-2019 წლების პერსპექტივაში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგების შესწავლას შეეხებოდა.
 
კვლევა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.