პროექტის ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა, USAID/Georgia-ს რეგიონული კონტრაქტ-ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ დებორა პერლმანმა და ნატოსა და ეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნეს. თემაზე „საქართველოს ევროპული არჩევანი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“ პანელური დისკუსია გაიმართა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის შემდგომ, პროექტის შედეგებზე იმსჯელეს.
სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხალისე ტრენერებმა მოქალაქეებს, რომელთათვისაც სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ ისევ ბარიერს წარმოადგენს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე დაანახეს სარგებელი ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, დაანახეს პერსპექტივები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას განვითარებისათვის გააჩნია.
ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში - ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 რეგიონის, 17 მუნიციპალიტეტის, 83 სოფელში, 88 ტრენინგი ჩაატარეს. და საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს 1700-მდე მონაწილეს.
პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 2017 წლის ოქტომბრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის PITA პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობაა. მოიცავდა ორ ეტაპს: მონაწილეთა გადამზადებას და გადამზადებული მონაწილეების/თანატოლგანმანათლებლების მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე შეხვედრების ჩატარებას - სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, თემის ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.