სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიული დოკუმენტის 2021-2024 შემუშავების მიზნით, სამოქალაქო საზოგადობის აქტორებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

3 აგვისტო 2020
ბორჯომში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიული დოკუმენტის 2021-2024 შემუშავების მიზნით, სამოქალაქო საზოგადობის აქტორებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს.
 
სხდომას ესწრებიან როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა, აქტიურად მიმდინარეობს ახალი სტრატეგიის პრიორიტეტების განსაზღვრა.
 
"ვაგრძელებთ შეხვედრების ციკლს, რომელიც ემსახურება ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შექმნას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სკრუპულოზურად გავაანალიზოთ ყველა ის პროცესი, რომელიც ძველი სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარეობდა, მათი საუკეთესო შედეგები, ასევე რა თქმა უნდა ის გამოწვევები, რომლებიც დაგვრჩა და მხოლოდ და მხოლოდ შეფასების საფუძველზე დავსახოთ ახალი მიზნები. შეხვედრაში ჩართულნი არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პირები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, ასევე ადგილობრივი მედიასაშუალებები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ამ თემების გაშუქება და აქვთ გამოცდილება. შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მონაწილეობითი პროცესი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ქმედითი პოლიტიკა განვსაზღვროთ და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტი იყოს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე მიმდინარე სტრატეგიის დოკუმენტი"-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა.
 
ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).