შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს, გაიმართება ტრენინგი თემაზე: ,,დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა“.
ტრენინგი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.
გიწვევთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის მიზანია, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში დეზინფორმაციის ნეგატიურ ზეგავლენასა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე.
მონაწილეები ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში გაეცნობიან და იმსჯელებენ დეზინფორმაციის სოციალური ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებსა და მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე. სამოქალაქო საზოგადოების როლზე ინტეგრაციის პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მედიაწიგნიერებასა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციის გავრცელების ხელის შეშლის მიზნით.
სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინტენსიურად ჩაერთონ აქტუალური საკითხების განხილვის პროცესში, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, შეასრულონ პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიღრმაონ ცოდნა, რაც შემდგომში დაეხმარებათ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) მოქმედ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
სამოტივაციო წერილში ნათლად და არგუმენტირებულად უნდა იყოს წარმოდგენილი ტრენინგში მონაწილეობის მიზანი. გარდა ამისა, უნდა შეიცავდეს მოკლე ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის, აღნიშნულ საკითხზე მის მიერ განხორცილებული პროექტის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და რეკომენდატორის შესახებ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაუკავშირდება.