ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა. მან დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლზე. ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა.
"ამდენად, კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი მოგვარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და სამოქალაქო საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი სახელმწიფოდან ხუთში მოუგვარებელი კონფლიქტია, რომლებსაც რუსეთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ამ ქვეყნების განვითარებას და ევროინტეგრაციას აფერხებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მხარეებთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე.
"ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად ვართ. ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობიანი, ხალხთა შორის კონტაქტებსა და ნდობაზე დაფუძნებული. კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესს და ჩვენ ყველა მოსალოდნელ სარგებელს ვთავაზობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ეროვნული პლატფორმების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროდელეგაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წარმომადგენლები.