თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორთან, საბინ მახლთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორთან, საბინ მახლთან.
 
სახელმწიფო მინისტრმა გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. აღინიშნა, რომ გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების შელახვა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, უკანონო დაკავებების პრაქტიკა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და საკუთრების უფლების დარღვევა. ხაზი გაესვა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
 
ქართულმა მხარემ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 11 ივლისს საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ასევე ამჟამად სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების შემთხვევებზე. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობა, ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
 
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო განვითარებები მიზნად ისახავს იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ, ხელოვნურ იზოლაციას და ამგვარად, სამშვიდობო პროცესისა და ხალხთაშორისი დიალოგის შეფერხებას. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღინიშნა ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს აქტიური ჩართულობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა, არსებული ხელოვნური დაბრკოლებებისა და გამოწვევების დასაძლევად.
 
მხარეებმა განიხილეს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობა და მის ფარგლებში ამოქმედებული „მშვიდობის ფონდის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.
 
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისათვის, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ.
 
შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ; მხარეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.