შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრი მიესალმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქმიანობას და სამომავლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისთვის; ასევე ძალისხმევისთვის - ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აღინიშნა პანდემიის დროს UNICEF-ის მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, რაც ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, მოქალაქეთა უკანონო გატაცების ფაქტების გამო, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, 11 ივლისს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ასევე ამჟამად სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, აღინიშნა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათთვის სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამასთან, გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჰუმანიტარული პროექტების მიმდინარეობა.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო განვითარებები მიზნად ისახავს იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ, ხელოვნურ იზოლაციას და ამგვარად, სამშვიდობო პროცესისა და ხალხთაშორისი დიალოგის შეფერხებას. სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღინიშნა ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს აქტიური ჩართულობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა, არსებული ხელოვნური დაბრკოლებებისა და გამოწვევების დასაძლევად.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.