შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბორჯომში ორ დღიანი ტრენინგი გაიხსნა, თემაზე: "დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა". ღონისძიებაში მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეები ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში გაეცნობიან დეზინფორმაციის სოციალური ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებს და იმსჯელებენ მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე.
ტრენინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.
„დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ხშირად მიმართავენ რათა გამოწვეულ იქნას საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება, წახალისებულ იქნას სიძულვილის ენა და ექსტრემიზმი, რასაც შეუძლია დააზიანოს დემოკრატიული პროცესები და შეამციროს მათ მიმართ ნდობა. საქართველოს სტაბილური დემოკრატიის განვითარებისთვის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კი წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღნიშნული ინიციატივა ამ ტრენინგ-პროექტისა, მიზნად ისახავს ამ სფეროში ჩართული აქტორების ცნობიერების შემდგომ ამაღლებას, დეზინფორმაცისთან ბრძოლის და მისი პრევენციის თვალსაზრისით“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.