შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის წინაშე უსაფრთხოების კუთხით მდგარ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციიდან გამომდინარეობს. აქვე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის როლი საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ისევე როგორც - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების, მათ შორის მავთულხლართების აღმართვისა და უკანონო დაკავებების შესახებ, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა.
სახელმწიფო მინისტრი და ელჩი შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის 2018 წლის 17 მაისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის, ასევე 2018 წლის 19 დეკემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და მოლდოვის მთავრობის რეინტეგრაციის ბიუროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.