შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში შვედეთის ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო. სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ - გამყოფი ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების შერიგებასა და ნდობის აღდგენას. ხაზი გაესვა შვედეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფის კუთხით.
თეა ახვლედიანმა, ასევე, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. მან ასევე ქართულ მხარეს გააცნო 2021 წელს ეუთო-ში შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ ეუთო-ს სივრცეში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა თავმჯდომარეობის დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.